არსებული შენობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენების სირთულეები

კომერციული მიზნებისთვის დეველოპერები ხშირად უკვე არსებულ შენობაში ინვესტირებას ანიჭებენ უპირატესობას. არსებულის შენარჩუნება, ერთი შეხედვით, მართლაც უკეთესად ჟღერს, ვიდრე დემონტაჟი და ახლის აშენება, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად სწორედ ეს არის ცუდი არჩევანი.

უკვე არსებულ შენობას მაინც აქვს რამდენიმე დადებითი მხარე:

  • მშენებლობის თანხის დაზოგვა – ლოგიკურია, რომ არსებული შენობის გადაკეთება გაცილებით ნაკლებ დანახარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე ახლის აშენება.

  • მშენებლობის დროის დაზოგვა – როგორც წესი, არსებული შენობის შეცვლას უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ახლის აშენებას.

  • მშენებლობის ნებართვის მიღება – ახლის აშენების და ძველის აღდგენის დროს მშენებლობის ნებართვის მიღებას ერთი და იგივე დრო სჭირდება. თუმცა, როცა არსებული შენობის განახლებაზეა საუბარი, ნებართვის მიღების პროცესი შეიძლება, ნაკლებად შეფერხდეს.

თუმცა, არსებული შენობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი უარყოფითი მხარე აქვს, მაგალითად:

  • გეგმარების შეცვლა – შენობის გეგმარების გადაკეთება შეიძლება, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდეს. თანაც, სასტუმროს, რესტორანს ან სხვა ტიპის კომერციულ ფართებს სპეციფიკური გეგმარება სჭირდებათ. სრულიად შესაძლებელია, არსებული შენობა მას საერთოდ ვერ მოერგოს.

  • კოეფიციენტების შეზღუდვა – შენობას, შესაძლოა, სრულად ჰქონდეს ათვისებული მისთვის განსაზღვრული და დადგენილი სამშენებლო ფართობი, რაც, შეიძლება, კომერციული მიზნებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს.

  • დაშენების ან/და მიშენების საფრთხე – ხშირად შენობა დამატებითი ნაწილის დაშენება/მიშენებას ვერ უძლებს და ამიტომ, გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება ხდება საჭირო, რაც, თავის მხრივ, პროექტის ხარჯს ზრდის.

  • შენობის ადაპტირება – არაკომერციული მიზნებისთვის აგებული შენობები ხშირად არ არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული. ამის გამოსასწორებლად კი შეიძლება, ძირეული ცვლილებები ან ფუნდამენტური ჩარევა გახდეს საჭირო.

  • სახანძრო უსაფრთხოება – ხშირად, უკვე არსებული შენობა მოქმედ სახანძრო ნორმებს არ შეესაბამება. ადაპტირების პროცესი კი მშენებლობის ხარჯის ზრდასთან არის დაკავშირებული.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ არსებული შენობის შენარჩუნება გვჭირდება?

 პირველი ნაბიჯი არის შენობის მდგომარეობის შეფასება:

  • არსებული შენობის მდგრადობის ზედაპირული, ვიზუალური შეფასება – ამ ტიპის კვლევით არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება ხდება ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე.

  • არსებული შენობის დეტალურ-ინსტრუმენტული კვლევა – კვლევის ფარგლებში სპეციალისტები აღწერენ შენობას, განსაზღვრავენ არსებული შენობის კონსტრუქციულ სქემებს, ღებენ სამშენებლო მასალის ნიმუშებს (არმატურა, ბლოკი, ბეტონი, აგური და ა.შ). შედეგად ადგენენ, რა პრობლემები აქვს შენობას და რა სამუშაოებია მათ მოსაგვარებლად ჩასატარებელი.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული კვლევები ინვესტირების გაკეთებამდე ჩატარდეს. მათი მეშვეობით ზუსტად დგინდება ის დანახარჯი, რაც მის მოწესრიგებას და აღდგენას დასჭირდება.

ჩვენი ჯგუფი ლაბორატორიულ კვლევას არ აკეთებს, მაგრამ კვლევების მიხედვით შეგვიძლია, გაძლიერება/გამაგრებითი სამუშაოების პროექტის მომზადება. როგორც კონსტრუქციულ, ისე არქიტექტურულ და საინჟინრო ნაწილში ჩართვა პროექტის სამშენებლო და სანებართვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.


ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი

Previous
Previous

რა ეტაპებს მოიცავს პროექტის ბრენდთან შეთანხმება ?

Next
Next

ალვარო სიზა ვიეირა