ალვარო სიზა ვიეირა

ჩვენი ახალი რუბრიკის, „20 რჩეული პროექტის“ ფარგლებში გიამბობთ ალვარო სიზა ვიეირას მიერ შექმნილ პავილიონზე პორტუგალიაში, რომელსაც დღეს ინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ მიღწევად მოიხსენიებენ.  იგი 1998 წელს „ლისაბონის მსოფლიო ექსპოზიციისთვის“ აშენდა და დროთა განმავლობაში მართლაც მოირგო ფესტივალის ცენტრისა და მასპინძელი ქვეყნის ეროვნული პავილიონის როლი.

Expo’98-ის კონცეფცია პორტუგალიისა და ოკეანეებს შორის ურთიერთკავშირს ეხებოდა. ეს არის შენობა, რომელმაც ერთგვარად პორტუგალიელების ცნობილი აღმოჩენების შთაგონებით შეიქმნა.

ლისაბონში მდინარე ტაგუსის ნაპირზე აშენებული Expo’98-ის მონუმენტური სტრუქტურა ერთგვარად მოდერნისტული არქიტექტურის გამოვლინებაა. იგი გამოირჩევა თავისი გეომეტრიული ფორმებითა და სტრუქტურულ ელემენტებით.  ალბათ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მაინც უზარმაზარი, ტალღოვანი ბეტონის ფარდაა, რომელიც საჯარო მოედნის სახურავს წარმოადგენს.

დიზაინერ სესილ ბალმონდთან თანამშრომლობით ჩამოყალიბებული მისი სტრუქტურული ოსტატობა დღეს აღიარებულია, როგორც ინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა. მისი სისქე 20 სანტიმეტრია, სიგრძე კი – 65 მეტრი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ სიდიდის ფარდა თავიდან ბოლომდე ერთ სვეტსაც კი არ ეყრდნობა. თუმცა, თავშიც და ბოლოშიც კარგად ჩანს, რეალურად, რაზეა დაკიდებული ეს ფენა – ფოლადის ტროსებზე, რომლებიც ბეტონის შუაშია მოქცეული.

არქიტექტორებმა მიზანმიმართულად დატოვეს საკიდები თვალსაჩინოდ, რადგან ისინი არქიტექტურის სტრუქტურულ მთლიანობას უსვამს ხაზს. ეს ზედმიწევნითი კონსტრუქცია ერთდროულად აერთიანებს დაძაბულობისა და წონასწორობის ელემენტებს. შენობის ერთი, თაღოვანი ნაწილიდან მზის შუქის შემოდინების ეფექტი კი ფარდის ცურვის ილუზიას ქმნის. სწორედ ამ ეფექტით უკავშირდება შენობა ოკეანეების კონცეფციას.

საჯარო მოედნის მეორე ნაწილი მთავარ საგამოფენო ცენტრს ეთმობა, რომელიც  32,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული მრავალფუნქციური სივრცისგან შედგება. შენობა მოიცავს 14,000 კვ.მ-მდე საგამოფენო სივრცეს, დაახლოებით 2,600 კვ.მ ფართობის მისაღებ სივრცეს, რესტორნებს, რომელიც 11,200 კვ.მ-ზეა განთავსებული და 4500 კვ.მ-ის მიწისქვეშა სივრცეს.

ოლივეისის ეს პატარა უბანი, რომელიც ადრე მიტოვებული ადგილი იყო, ალვარო სიზა ვიეირამ სრულიად ახალი, ეროვნული დატვირთვის სივრცედ გადააქცია და პავილიონის აშენებიდან 24 წლის შემდეგაც კი იგი ერთ-ერთ შთამბეჭდავ ნაგებობად ითვლება მთელ პორტუგალიაში.


ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი

Previous
Previous

არსებული შენობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენების სირთულეები

Next
Next

როგორი კლასიფიკაციით იყოფიან სასტუმროების ფრენჩიზები და მათი ბრენდები?