სასტუმროს რომელი ბრენდები შენდება აღმოსავლეთ ევროპაში?

ცოტა ხნის წინ უკვე გიამბეთ იმაზე, თუ როგორია ზოგადად ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის დინამიკა ევროპაში.

ევროპის 22 ქვეყანაში ჯამურად 146,616 სასტუმროა, საიდანაც საერთაშორისო ფრენჩაიზების მიერ ბრენდირებულია 13%, ანუ 18575 სასტუმრო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოშიც ხშირია ბრენდები, რომლებიც ევროპაში მრავლად გვხვდება. სწორედ ამიტომ, საინტერესო იქნებოდა, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სასტუმროების ბაზარზე გვესაუბრა, რომლებიც ქართული ბაზრის მსგავსი დინამიკით ხასიათდებიან.

სერბეთი

დავიწყოთ სერბეთით, სადაც ბრენდირებული სასტუმროების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა 2014 წლის შემდეგ ფიქსირდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მათი უმეტესობა ქვეყნის დედაქალაქში, ბელგრადშია განთავსებული.

სერბეთში ჯამურად 9 ფრენჩაიზ კომპანიაა წარმოდგენილი 10 ბრენდირებული სასტუმროთი, საიდანაც ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ფრენჩაიზ კომპანიები Marriott International და IHG არიან. ისინი ბელგრადში 3-3 სასტუმროთი არიან წარმოდგენილები. აქ ასევე გვხვდებიან: Hyatt International, Hilton Worldwide, Accor და ა.შ

რაც შეეხება ბრენდირებული სასტუმროს კლასებს, შეიძლება ითქვას, რომ სერბეთში ამ სასტუმროების უმეტესობა მაღალი (Upscale) და უმაღლესი კლასის (Upper Upscale) ფრენჩაიზებია; შემდეგ უკვე მოდის ძვირფასი (Luxury) კლასის ფრენჩაიზები და ბოლოს – საშუალო კლასის (Midscale).

სლოვენია

სერბეთის მსგავსად, სლოვენიაშიც 9 საერთაშორისო ფრენჩაიზ კომპანია ჯამურად 10 ბრენდირებული სასტუმოთია წარმოდგენილი. უნდა ითქვას, რომ ეს ქვეყანაც 2014 წლიდან გახდა ძალიან პოპულარული ტურისტებისთვის, რაც შესაბამისად დეველოპერებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

დღეისათვის სლოვენიაში დომინირებენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიც არიან: IHG, Radisson, Marriott International, Accor, Wyndham, Best Western და ა.შ

სლოვენიაშიც სასტუმროების უმეტესობა მაღალ და უმაღლეს კლასს აკმაყოფილებს; ხოლო დაახლოებით თანაბარი რაოდენობით არიან ძვირფასი და საშუალო კლასის ბრენდირებული სასტუმროები.

კვიპროსი

რაც შეეხება კვიპროსს, ზემოხსენებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საერთაშორისო ბრენდების აქ შესვლის პროცესი კიდევ უფრო გვიან დაიწყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ კვიპროსი დღეს უკვე ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ზონაა და ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი ვიზიტორი სტუმრობს მის კურორტებს.

რაც შეეხება საერთაშორისო ფრენჩაიზ კომპანიებს, აქ სულ 5 მათგანს ვხვდებით, ესენია: Hilton, Louvre Hotels, Marriott, IHG და Radisson. ეს ბრენდები კი კვიპროსის ბაზარს მაღალი, უმაღლესი და მდიდრული კლასის სასტუმროებით ითვისებენ.

საინტერესოა, რომ თუკი დასავლეთ ევროპის ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის ზრდა ბოლო ათი წლის განმავლობაში დაიწყო, აღმოსავლეთ ევროპაში ეს პროცესი კიდევ უფრო ნელა მიმდინარეობდა და დაახლოებით ბოლო 5 წელია, ფრენჩაიზ კომპანიები აქაც გააქტიურდნენ და პანდემიის საბოლოოდ დასრულებასთან ერთად  ვარაუდობენ, რომ მომავალ წლებში ამ ქვეყნების ტურისტული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც, ლოგიკურად გამოიწვევს საერთაშორისო ბრენდების რაოდენობის ზრდასაც.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოც სწორედ ამ ტემპით ვითარდება ბრენდირებული სასტუმროების საერთაშორისო ბაზარზე და აქვე გეტყვით, რომ ჩვენს გუნდს არაერთხელ უმუშავია ამ მიმართულებით. მომავალშიც მზად ვართ, ბრენდირებული სასტუმროების პროექტირების პროცესში ჩავერთოთ და შესაბამისი სტანდარტების და რეგულაციების გათვალისწინებით გავმართოთ პროექტი.


ირაკლი გოგოხია
BDO

Previous
Previous

აკუსტიკური სამუშაოები პროექტირების პროცესში

Next
Next

სახანძრო უსაფრთხოება მაღალსართულიან შენობებში