სახანძრო უსაფრთხოება მაღალსართულიან შენობებში

სახანძრო უსაფრთხოება ნებისმიერი შენობისთვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს და მის ყველა დეტალს ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ ერთობლიობა, იგივე 41-ე დადგენილება არეგულირებს.

ამავე დადგენილების ფარგლებში შენობები სამ ჯგუფად იყოფა. ამ დაყოფას კი სახანძრო მანქანის ყველაზე დაბალი მისადგომი დონიდან  ბოლო სართულის იატაკამდე არსებული მანძილი განსაზღვრავს; პირობითად ესენია: სტანდარტული შენობები 23 მეტრამდე, 23 მეტრზე მაღალი, იგივე მაღლივი და 37 მეტრზე მაღალი, იგივე ზემაღლივი შენობები. საინტერესო ფაქტია, რომ შენობის ამ ტიპებს სახანძრო უსაფრთხოების სხვადასხვაგვარი მოწყობა სჭირდებათ.

როგორც წესი, სახანძრო მანქანის კიბის სიგრძე 23 მეტრს არ აღემატება, ამიტომაც, მაღლივ შენობას საიმედო სახანძრო დაცვა სჭირდება. ამ ტიპის შენობებში კანონით სავალდებულოა საშხეფი სისტემები (თუმცა, არსებობს გამონაკლისები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში საშხეფი სისტემების მოწყობა არასავალდებულო ხდება). 37 მეტრზე მაღალ შენობებში კი ამ სისტემების მოწყობა აუცილებელია.

მაღლივ შენობაში საშხეფი სისტემების განთავსება სივრცის გადანაწილებას მნიშვნელოვნად ცვლის. მაგალითად:

  • ჩიხური დერეფნის (დერეფანი, რომელიც გასასვლელიდან ჩიხამდე გრძელდება) სიგრძე ზოგადად, არ შეიძლება, 6 მეტრს აღემატებოდეს, თუმცა, საშხეფი სისტემის მოწყობის შემთხვევაში, ეს რიცხვი 15 მეტრამდე იზრდება.

  • პირობითად, თუკი ფასადის 25% ღიობებს უკავია, საშხეფი სისტემის არსებობის შემთხვევაში, ეს რიცხვი, შესაძლოა, 75%-მდე გაიზარდოს.

  • საშხეფ სისტემას გავლენა აქვს საერთო სავალ ბილიკებზე (საერთო გამოყენების და გადაადგილების სივრცეები, რომლის მანძილსაც ადამიანები გადიან იმ წერტილამდე, საიდანაც უკვე ორი გასასვლელის არჩევა შეუძლიათ). თუკი სავალი ბილიკის მანძილი უშორესი წერტილიდან ყველაზე უკიდურეს შორ გასასვლელამდე 60 მეტრია, საშხეფი სისტემის არსებობის შემთხვევაში ის 75 მეტრამდე შეიძლება, გაიზარდოს.

  • ხშირად შენობებში დაწნევის სისტემას იყენებენ. მათ, ძირითადად, კიბის უჯრედის თავსა და ლიფტის ფოიეს თავზე აყენებენ, რათა დაკვამლიანება შახტების მეშვეობით სხვა სართულებზე არ გადავიდეს. ეს სისტემები ჰაერს ერთგვარად წნეხავს. თუკი შენობას დაწნევისა და საშხეფი სისტემა გააჩნია, მსგავს შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, კიბეს აღარ გაუკეთდეს ტამბური და ლიფტის ფოიეს მოწყობაც საჭირო აღარ არის.

პროექტირებისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა სახანძრო უსაფრთხოების ასპექტების გაუთვალისწინებლობაა. ასეთ შემთხვევაში, 41-ე დადგენილების მიხედვით განსაზღვრული დეტალების დამატება პროექტირების შემდეგ ხდება, რაც ხშირ შემთხვევაში საპროექტო ობიექტის ძირეულ გადაგეგმარებას იწვევს. რეალურად, დაპროექტების საფუძვლებშივე ერთდროული, გუნდური ჩართულობაა საჭირო, რათა შემდეგ ეტაპებზე ნაკლები პრობლემები შეიქმნას.

თუკი გაინტერესებთ, 41-ე დადგენილების რა რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი პროექტი, ჩვენ მზად ვართ, თანამედროვე სტანდარტების განსაზღვრაში დაგეხმაროთ და საწყისი ეტაპიდანვე ყველა დისციპლინა ერთდროულად ჩავრთოთ პროცესში. შედეგად კი, ყველა საჭირო დეტალისა და სტანდარტის გათვალისწინებით შევქმნათ პროექტი.


ირაკლი გოგოხია
BDO

Previous
Previous

სასტუმროს რომელი ბრენდები შენდება აღმოსავლეთ ევროპაში?

Next
Next

პომპიდუს ცენტრი – 70-იან წლებში ნათქვამი ახალი არქიტექტურული სიტყვა