პომპიდუს ცენტრი – 70-იან წლებში ნათქვამი ახალი არქიტექტურული სიტყვა

1969 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჟორჟ პომპიდუმ გამოთქვა სურვილი, პარიზში აშენებულიყო კულტურული ცენტრი, რომელიც ბევრ მნახველს მოიზიდავდა. ფრანგი ხალხის გასაკვირად, პრეზიდენტმა კონკურსის მეშვეობით იმ დროისთვის ორი უცნობი არქიტექტორი რენცო პიანო და რიჩარდ როჯერსი შეარჩია.

მათ კონკურსზე მაღალტექნოლოგიური პროექტი წარადგინეს, რომელიც სრულიად თანამედროვე არქიტექტურას მოიცავდა და, შეიძლება ითქვას, იმდროინდელ საზოგადოებას მსგავსი არაფერი ჰქონდა მანამდე ნანახი.

შენობის დიზაინის კონცეფცია მთლიანი ინფრასტრუქტურის გამოვლენას ემსახურება. სწორედ ამიტომ, შენობას ერთგვარად ეს ინფრასტრუქტურული „ჩონჩხი“, იგივე ექსპოზიციური ზედნაშენი ფარავს, რომელიც 16 000 ტონაზე მეტი ფოლადის ნაწილისგან შედგება. ის აჩვენებს ყველა განსხვავებულ მექანიკურ და სტრუქტურულ სისტემას და, გარკვეულწილად, ეს გადაწყვეტა შიდა სივრცის ფართობის გაზრდასაც ემსახურება.

ეს სტრუქტურა იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი ზოგიერთი კომპონენტი ძალიან დიდი მასშტაბისაა და მსგავსი დეტალები სამშენებლო ინდუსტრიაში იშვიათად გვხვდება. აღსანიშნავია 10 ტონიანი ლითონის კონსოლური ელემენტები, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა.

ღია სტრუქტურის ფასადების კონკრეტული ნაწილები სხვადასხვა ფერებადაა შეღებილი: ლურჯი ფერით კონდიცირების სისტემაა წარმოდგენილი, ყვითელით – ელექტროენერგიის სისტემა, მწვანე წყლის მილებს აღნიშნავს, ხოლო წითელი კი ესკალატორებისა და ლიფტების აღმნიშვნელია.

შენობის პირველი სართული ორმაგი სიმაღლისაა და მრავალ სხვადასხვა საჯარო სივრცეს აერთიანებს. სტუმრებს ამ სართულიდან მაღლა გადაადგილება გიგანტური დიაგონალური ესკალატორით, გარე დერეფნებითა და ბილიკებით შეუძლიათ. ეს ბილიკები და ესკალატორები დინამიურ, მუდმივად ცვალებად ფასადს ქმნის და ერთგვარად ჰაერში მოძრაობის განცდას აღვიძებს.

შენობა დღიურად 5000 ვიზიტორზეა გათვლილი, თუმცა, აშენებიდან პირველივე წელს ის დღეში 25000-მდე სტუმარს მასპინძლობდა. ეს ფაქტი კი გასაკვირია იქიდან გამომდინარე, რომ პომპიდუს ცენტრს თავიდანვე ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა.

1997 წელს, 20 წლის იუბილეს შემდეგ, პომპიდუს ცენტრი სარემონტო სამუშაოების გამო დროებით დაიხურა და სამუშაოები სამი წელი გაგრძელდა. ამ პროცესში პომპიდუს ცენტრის შიდა ტერიტორიები 8000 კვადრატულ მეტრით გაფართოვდა, ასევე განახლდა სივრცეები, რათა მეტი ნამუშევრის გამოფენა ყოფილიყო შესაძლებელი და ასევე, სტუმრებს ცეკვის, თეატრიში სიარულისა და მუსიკის მოსასმენად უფრო მეტი სივრცე ჰქონოდათ.

დღეისთვის ოცდაათი წლის წინ აშენებული პომპიდუს ცენტრი 150 მილიონზე მეტ ვიზიტორს ითვლის და ეჭვგარეშეა, რომ ჟორჟ პომპიდუს ხედვა, შექმნილიყო კულტურული ცენტრი პარიზში, წარმატებულ რეალობად იქცა.


გიორგი ცინცაბაძე
მთავარი სტრუქტურული ინჟინერი

Previous
Previous

სახანძრო უსაფრთხოება მაღალსართულიან შენობებში

Next
Next

რა უნდა გავითვალისწინოთ სასტუმროს სამზარეულოს პროექტირებისას ?