აკუსტიკური სამუშაოები პროექტირების პროცესში

ფუნქციიდან გამომდინარე, კონკრეტული შენობა კონკრეტულ აკუსტიკურ მახასიათებლებს საჭიროებს. როგორც წესი, აკუსტიკური სამუშაოები ყველაზე მეტად იმ კომერციულ სივრცეებს სჭირდებათ, რომლებიც ან ხმაურიან გარემოში მდებარეობენ, ან შიდა ხმაურის მაღალი რისკებით ხასიათდებიან.

პროექტის ამ კომპონენტს ჩვენ, როგორც საპროექტო კომპანია, ყოველთვის ვითვალისწინებთ, რაშიც ჩვენი პარტნიორი კომპანია Akustiko გვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია Ibis Kutaisi, რომლის პროექტირების სრულ პროცესზე ჩვენმა გუნდმა Akustiko-სთან ერთად  იმუშავა. სასტუმრო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს და მას განსაკუთრებული აკუსტიკური და საიზოლაციო მოპირკეთება დასჭირდა.

პროექტზე მუშაობისას, პირველ რიგში ჩატარდა გარე ხმაურის აზომვითი სამუშაოები, კერძოდ, აეროპორტისა და რკინიგზის ხმაურის კვლევა. შემდეგ კი განისაზღვრა ფასადის ხმის იზოლაციის სარეკომენდაციო ინდექსები.

„აკუსტიკოსის ჩართულობა არქიტექტურული პროექტის მომზადების პროცესშივეა საჭირო. ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მან თავიდანვე უნდა გაწეროს იმ შესასრულებელი სამუშაოების თანმიმდევრობა, რაც საპროექტო გუნდის მენეჯერს პროექტის კოორდინაციაში დაეხმარება. ხშირად არის ისეთი შემთხვევებიც, როცა აკუსტიკოსი წინასაპროექტო ეტაპზევეც ერთვება და ამას გადამწყვეტი როლი აქვს ხოლმე,“ – ავთუა კრავეიშვილი, Akustiko-ს დამფუძნებელი.

შეიძლება ითქვას, რომ აკუსტიკისა და ხმის იზოლაციის საკითხების მოგვარების პროცესი ექვს ეტაპად იყოფა:

  1. კვლევა – ეს ეტაპი გარე ფონური ხმაურის 24 საათიან აზომვით სამუშაოებს მოიცავს, რომლითაც ნათლად ჩანს, დღე-ღამის ჭრილში ხმაურის რა დინამიკაა კონკრეტულ ადგილას და ასევე, ხმაურის რა წყაროები არსებობს. შედეგად კი იქმნება 3D ხმაურის რუკა;

  2. ობიექტის ფუნქციის შესწავლა – ამ ეტაპზე კეთდება პროექტზე გარკვეული სტანდარტების მისადაგება და დგინდება, თუ რა ნორმები უნდა იყოს დაცული ხმის იზოლაციის და აკუსტიკის მხრივ;

  3. ხმის საიზოლაციო გადაწყვეტები – ეს ეტაპი ხმის საიზოლაციო და აკუსტიკურ კონსტრუქციებზე მუშაობას მოიცავს, რა ეტაპზეც მუშავდება ტიპოლოგიები და კვანძები;

  4. ფონური ხმაურის პროტოკოლის შედგენა – შემდეგი ეტაპი უკვე მოიცავს იმ პროცესს, როცა MEP-ის ნაწილი აქტიურ ფაზაში შედის და დგინდება, თუ რომელი შიდა და გარე ტექნიკური მოწყობილობები დამონტაჟდება სხვადასხვა სივრცეში (მაგალითად: გენერატორი, ჩილერი, ფანკოილი და ა.შ). აკუსტიკოსი იღებს მათ აკუსტიკურ პარამეტრებს და ადგენს ამ მოწყობილობების ხმის საიზოლაციო და ვიბროსაიზოლაციო ღონისძიებების ნორმებს, სადაც გაწერილია გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ინჟინერმაც უნდა გაითვალისწინოს;

  5. დიზაინერთან მუშაობა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ასევე არის ინტერიერის დიზაინერის ჩართვა და აკუსტიკოსის მასთან ერთად მუშაობა. ამ ეტაპზე ხდება მოსაპირკეთებელი მასალების განსაზღვრა, რათა შიდა სივრცე ფუნქციური და ეფექტური იყოს თვალისთვის და ყურისთვის;

  6. მასალების განსაზღვრა – ბოლო ეტაპი კი მასალათა სპეციფიკაციის შედგენასა და საორიენტაციო განფასებას მოიცავს.

Ibis Kutaisi-ს პროექტში აკუსტიკოსი ჯერ კიდევ მაშინ ჩაერთო პროცესში, როცა მიწის სამუშაოებიც კი არ იყო დაწყებული. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონცეფციის შემუშავების ეტაპზე პროექტირების პროცესში ყველა მომიჯნავე დისციპლინის წარმომადგენელი ჩაერთოს. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს პროექტის სწორად განვითარებას და ყველა საჭირო სამუშაოს დროულად შესრულებას.


შოთა საგანელიძე
CPO

Previous
Previous

ანახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 1: როგორია დაბა აბასთუმნის განვითარების გეგმა?

Next
Next

სასტუმროს რომელი ბრენდები შენდება აღმოსავლეთ ევროპაში?