რადისონი რაჭაში –  თანამედროვე სასტუმრო ძველ, ბალნეოლოგიურ შენობაში

სულ მალე რაჭის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, უწერაში, Radisson Individualsი გაიხსნება. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილი სასტუმრო ძველ, თითქმის ფუნქციადაკარგულ კურორტს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის და უწერაში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

ახალი რადისონი დასახლებული ზონიდან განცალკევებით, სოფლიდან იზოლირებულად, შედარებით სწორი რელიეფის ტერიტორიაზე დგას, რომლის ფართობიც 5 ჰექტარია. შენობიდან კავკასიონის განსაკუთრებული ხედები იშლება რომელიც ჩვენი გუნდისთვის განახლებული შენობის იერსახის ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცა. მთების პეიზაჟი მეტწილად შენობის გადახურვის ინსპირაცია გახდა. გადავწყვიტეთ, სახურავი მთების ფორმისთვის მოგვერგო და მისი მეშვეობით გადმოგვეცა ის გარემო სადაც შენობა დგას. შედეგად მივიღეთ ტეხილის ფორმის გადახურვა, რომელიც შემოგარენთან სრულ ჰარმონიაშია.

60-70-იან წლებში აგებული შენობის თანამედროვე სასტუმროდ გადაქცევის პროცესს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. დამკვეთს სურდა, არსებული შენობა შენარჩუნებულიყო, თუმცა, ამას ართულებდა ის, რომ შენობას გაძლიერება სჭირდებოდა და ამისთვის დამატებით სამუშაოები იყო ჩასატარებელი. გარდა ამისა, ფართის უკმარისობიდან გამომდინარე, კიდევ ერთი სართულის დაშენება გადაწყდა, რაც გაძლიერების სამუშაოებს კიდევ უფრო მასშტაბურს ხდიდა. სწორედ ამიტომ, საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევასთან ერთად შენობის დეტალურ-ინსტრუმენტული კვლევის ჩატარება გადაწყდა, რომელთა საფუძველზეც დადგინდა, რომ სტრუქტურა მდგრადი იყო და გაძლიერების პროცესს გაუძლებდა.

შენობის გადაკეთების პროცესში, შიდა გეგმარებაში გარკვეული ცვლილებების შეტანაც გახდა საჭირო. ახალ რადისონში შევინარჩუნეთ ძველი ბალნეოლოგიური კურორტის წყობა, რაც სტანდარტული ნომრების სართულზე დერეფნული სისტემით ხასიათდება. შენობის რენოვაციის ფარგლებში, რამდენიმე ტიპის ნომერი დაპროექტდა – ტიხრების გადაადგილების შედეგად, გაერთიანდა არსებული სასტუმრო სივრცეები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტულ, ორადგილიან, საოჯახო და VIP ტიპის ნომრებად გარდაიქმნა.

გარდა საძინებელი ნომრებისა, შენობა დატვირთულია ისეთი ფუნქციებით როგორებიცაა: ღია და დახურული რესტორანი, საკონფერენციო სივრცეები და მასშტაბური სპა-ცენტრი (2500 კვ.მ-მდე). აღსანიშნავია, რომ სპა-ცენტრის შენობა სრულად ახალია და მთავარ შენობას ხიდით დაუკავშირდება. შენობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სახურავზე განთავსებული რესტორანია, რომელიც რადისონის შუა ნაწილში, 19 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რესტორანი ორ დონიან სივრცეს აერთიანებს, საიდანაც ხედები 360 გრადუსით იშლება. რესტორნის ამგვარად მოწყობის ინსპირაცია ისევ და ისევ პანორამულმა, განსაკუთრებულმა ხედებმა მოგვცა.

შენობისთვის შეირჩა მასალები, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიაშია და გარემო და არქიტექტურა ერთმანეთთან თანხვედრაში მოჰყავს: აგური, ადგილობრივი ხე, მდინარის ქვა და სხვა ბუნებრივი მასალები. რაც შეეხება ძველი შენობის თანამედროვე საინჟინრო სტანდარტებზე მორგებას, საჭირო გახდა შენობის იმგვარად გადაკეთება, რომ 3 ლიფტი დამონტაჟებულიყო. შენობა სრულად აღიჭურვა გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით.

ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე რადისონ ინდივიდუალსი უწერაში ახალ ვიზიტორებს უმასპინძლებს.


შოთა საგანელიძე
CPO

Previous
Previous

უძრავი ქონების სადეველოპერო პოტენციალის კვლევა და სწორად განვითარებული პროექტი

Next
Next

თანამედროვე ექსტერიერისა და ორიგინალური ინტერიერის მქონე შენობა ჩილეში