თანამედროვე ექსტერიერისა და ორიგინალური ინტერიერის მქონე შენობა ჩილეში

#20რჩეულიპროექტის რუბრიკის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ორ შენობას შორის, ცაში არსებულ აუზზე „Sky Pool“ გიამბეთ. ახლა კი, გვსურს, 2021 წელს ჩილეში, კერძოდ კი, კონცეფსიონში, არქიტექტურული სტუდია Pezo von Ellrichshausen-ის მიერ შექმნილ INES-ის ინოვაციურ ცენტრზე მოგიყვეთ.

ეს არის შენობა, რომლის ექსტერიერი და ინტერიერი სრულიად განსხვავდება – ყველასთვის მოულოდნელია, თუ როგორი საინტერესო და თამამი ინტერიერი იმალება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით განსაკუთრებული კედლების მიღმა.

არქიტექტორები განმარტავენ, რომ შენობის თავისუფალი და ღია ინტერიერი ცენტრის ფუნქციის გამოძახილია და ერთგვარად აკადემიური პრაქტიკის შემოქმედებითი პროცესები სწორედ რომ დიზაინშია ნათარგმნი. სწორედ ამის გამოხატულებაა შენობის ინტერიერში არსებული ღია ბირთვი, რომელიც დარბაზებს ერთმანეთთან ვერტიკალურად აკავშირებს.

ღია სივრცეების გარდა, შენობა მოიცავს დახურულ სივრცეებსაც, რომლებიც ინდივიდუალური სამუშაოსთვისა და სწავლებისთვისაა განკუთვნილი. ცენტრი ასევე მოიცავს სპეციალურ ოთახებს გამოფენებისთვის, სემინარებისთვის და შეხვედრებისთვის.

ჯამურად შენობის ფართობი 2000 კვადრატული მეტრია და ის ცენტრალური წრიული სიცარიელით დაკავშირებულ 5 სართულს აერთიანებს. ზოგადად კი, ინტერიერი სადა, ერთ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომელსაც მინიმალურად ავსებს ავეჯი. ეს მინიმალიზმი კი შენობას საერთო ჯამში ჰარმონიულობას ანიჭებს.

გარდა განსაკუთრებული შიდა სივრცისა, შენობა, რომელიც სრულად ტყეშია ჩაფლული, დიდი ფანჯრების მეშვეობით ასევე გვთავაზობს შემოგარენის საოცარ ხედებსაც.


გიორგი ცინცაბაძე
მთავარი სტრუქტურული ინჟინერი

Previous
Previous

რადისონი რაჭაში –  თანამედროვე სასტუმრო ძველ, ბალნეოლოგიურ შენობაში

Next
Next

განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 3: წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალი