ხელოვნურად შექმნილი კუნძული ნიუ-იორკში – Heatherwick Studio-ს ნამუშევარი

ნიუ იორკში, ქვემო უესტ-საიდის სანაპიროზე, 2021 წელს არქიტექტურულმა სტუდია Heatherwick Studio-მ ხელოვნური კუნძული შექმნა, რომელსაც სხვაგვარად პატარა ოაზისსაც უწოდებენ.

11000 კვ.მ ფართობის კუნძული ათეულობით სკულპტურულ ფორმას/ბურჯს აერთიანებს, რომლებიც ერთიანობაში საჯარო პარკს ქმნიან. აღნიშნული კუნძული, ბოძებით სრულად წყალში დგას და ხმელეთიდან პარკამდე მისვლა საფეხმავლო ხიდითაა შესაძლებელი.

პარკის დაპროექტების პროცესში Heatherwick Studio-ს ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ვიზიტორებს აქ სტუმრობისას განსაკუთრებული შეგრძნებები დაუფლებოდათ, როგორიცაა: წყალზე ყოფნის სიამოვნება, ქალაქის მიღმა დატოვების და სიმწვანეში ჩაძირვის შეგრძნება.. დავიწყება იმის, რომ ვიზიტორები, რეალურად შეერთებული შტატების ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის შუაგულში იმყოფებიან.

მანჰეტენის ნაკლებად რელიეფური ქუჩებისგან განსხვავებით, დიზაინერების გუნდს სურდა, შეექმნა ქალაქის ახალი ტოპოგრაფია, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად სივრცითი და მისი სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა სიმაღლეზე იქნებოდა.

ბურჯებზე არსებული კონსტრუქციები ერთგვარად წყლიდან ამოზრდილ მცენარეებს გავს. თუმცა, ამ ბურჯების სიმაღლეთა ცვალებადობები კონკრეტულ მიზანს ასრულებს. სიმაღლე იცვლება პარკის კონტურების შესაქმნელად: ბურჯის ერთი კუთხის სიმაღლე აწეულია იმისთვის, რომ მზის შუქმა ზღვის მობინადრეებამდე მიაღწიოს წყალქვეშ. ხოლო მეორე კიდე კი დადაბლებულია, რათა პარკის ხედები ეფექტურად გამოიკვეთოს.

პარკი მოიცავს ასზე მეტი სხვადასხვა სახეობის უძველეს ხესა და მცენარეს, რომლებიც ნიუ-იორკის კლიმატის შესაბამისები არიან. ისინი ერთგვარად ხელს უწყობენ ბიომრავალფეროვნების არსებობას ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე.

ბურჯების ფორმის შთაგონება დიზაინერთა გუნდისთვის ბუნებიდან მოვიდა. ხოლო რაც შეეხება გამოყენებულ მასალას, ბეტონის გლუვი იერსახის მისაცემად  Heatherwick Studio-მ ადგილობრივ ფაბრიკასთან ითანამშრომლა. აღნიშნული ბურჯების ასაწყობი კომპონენტები ნავებით მიიტანეს ადგილზე და ფორმები იქვე აიწყო.

საბოლოოდ კი, ნიუ-იორკის ნავსადგურში შეიქმნა სივრცე, რომელიც ნებისმიერი ვიზიტორისთვის განტვირთვისა და სიმწვანეში დასვენების იდეალურ შესაძლებლობას ქმნის.

#20რჩეულიპროექტი ჩვენი ერთ-ერთი რუბრიკაა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო მასშტაბით შექმნილ გამორჩეულ არქიტექტურულ პროექტებს განვიხილავთ. სტატიების ხილვა ჩვენს ვებ-გვერდზე, ბლოგის გვერდზე შეგიძლიათ.


ირაკლი გოგოხია
BDO

Previous
Previous

teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო  კონკურსში იღებს მონაწილეობას

Next
Next

თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნილი ისტორიული შენობები იტალიაში