თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნილი ისტორიული შენობები იტალიაში

ტალიაში, კერძოდ, სოპრაბოლზანოში, 2021 წელს გამაჯანსაღებელი ფუნქციის სასტუმრო გაიხსნა. ეს არის ერთგვარი კომპლექსი, რომელიც უძველესი სასტუმროს, საცხოვრებელი სახლისა და ბეღლის შენობებისგან შედგება. სწორედ მათი წარსულიდან გამომდინარე, არქიტექტურულმა სტუდია noa*-მ გადაწყვიტა, სამივე შენობისთვის, ერთი და დამახასიათებელი არქიტექტურული ჩარჩო მოერგო.

კომპლექსის ორი მთავარი შენობა ერთმანეთის გვერდით დგას. ერთი შენობა საზოგადოებრივი ზონაა, რომელიც მიმღებისგან, ბისტროსგან, ბარისგან და გამაჯანსაღებელი ზონისგან შედგება, მეორე – კერძო ზონა კი 15 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ნომრები, უმეტესწილად, 35 და 55  კვადრატული მეტრის ფართობებისაა და ისინი არამხოლოდ ზომით, არამედ ავეჯითაც განსხვავდებიან.

ერთი შეხედვით ორი შენობა ერთმანეთისგან განცალკევებით დგას, თუმცა, მათ შორის უხილავი დერეფანი გადის, რომელიც მიწის საფარის ქვეშაა მოქცეული.

შენობების უნიკალურობას ფასადის დინამიური დიზაინი განაპირობებს, რომელიც ისეთი ელემენტებისგან შედგება, როგორებიცაა ნომრებს შორის არსებული დახრილი ტიხრები, მარტივი, ორფრთიანი სახურავები და ტრაპეციის ფორმის ფანჯრები.

კომპლექსისთვის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად არქიტექტორებმა, უმეტესწილად, ადგილობრივი ხე გამოიყენეს.

საინტერესოა ისიც, რომ noa*-მ ამ კომპლექსისთვის ინტერიერის დიზაინის სპეციალური კონცეფცია შექმნა. შედეგად, მთელი ინტერიერი ფერადი და ჰორიზონტალურად განლაგებული საგნებითა თუ ფერებით ხასიათდება (რბილი კრემისფერითა და მისტიური ლურჯით). ამ კონცეფციას noa*-მ „in-between“ უწოდა, რაც შუაში მყოფი საგნების მნიშვნელობაზე მიუთითებს. შესაბამისად, აქ არსებული ფერები, ავეჯი, შენობები ერთგვარად შუაზე იყოფა.

რაც შეეხება ფერების უფრო კონკრეტულ განაწილებას, შენობებში ინტერიერის ერთი მესამედი ლურჯია, ორი მესამედი – კრემისფერი. კედლები დაფარულია ქსოვილით, რაც ერთგვარად აქრობს კედლის შეგრძნებას.

ამრიგად, აქაური განუსაზღვრელობა ვიზიტორებში გარკვეულ ცნობისმოყვარეობას იწვევს და მათ სივრცის აღმოჩენისკენ მოუწოდებს. noa* აძლევს სტუმრებს შესაძლებლობას, ჰქონდეთ უნიკალური სივრცითი გამოცდილება, რომელიც აქამდე მათ არსად უნახავთ.


ნუცა ნადარეიშვილი
CEO

Previous
Previous

ხელოვნურად შექმნილი კუნძული ნიუ-იორკში – Heatherwick Studio-ს ნამუშევარი

Next
Next

უძრავი ქონების სადეველოპერო პოტენციალის კვლევა და სწორად განვითარებული პროექტი