teamtwo-ს კონსტრუქტორთა გუნდი – გამოცდილება და შიდა სტრუქტურა

როგორც უკვე იცით ჩვენმა საპროექტო ჯგუფმა დამოუკიდებელ კონსტრუქციულ პროექტებზეც დაიწყო მუშაობა. ბოლო პერიოდში კომპანიაში კონსტრუქტორების გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, გუნდის მთავარი კონსტრუქტორები teamtwo-ში მისი დაფუძნების დღიდან მუშაობენ და მათ ერთად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აერთიანებთ.

დღეს მინდა ჩვენი კონსტრუქტორების ჯგუფის და სპეციალისტების შესახებ მოგიყვეთ და გაგაცნოთ მათი მუშაობის სტრუქტურა. ჯგუფის ძირითად ბირთვს წარმოადგენს სამი სპეციალისტი:

გიორგი ცინცაბაძე – ის მთავარ სტრუქტურულ ინჟინერთან ერთად, teamtwo-ს თანადამფუძნებელიცაა. მისი კარიერა სტრუქტურული ინჟინერიის მიმართულებით 2006 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ უმუშავია სავაჭრო ცენტრების, სამედიცინო დაწესებულებების, მრავალბინიანი საცხოვრებლების, სასტუმროების და სარეაბილიტაციო პროექტებზე.

გარდა ამისა, გიორგის გამოცდილება მოიცავს გერმანულ საინჟინრო კომპანია ვაინორში მუშაობას სადაც ის ლითონ-კონსტრუქციებზე მუშაობდა.

teamtwo-ს დაფუძნებამდე კი ის საინჟინრო კომპანია სახელოსნო N4-ს თანადამფუძნებელი და მთავარი კონსტრუქტორი იყო. გიორგის კარიერა ასევე მოიცავს საგანმანათლებლო მიმართულებასაც – ის 2020 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სკოლაში არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტზე კითხულობს შენობის კონსტრუქციების კურსს.

გულიკო ჩიტიკიანი – მას განათლება მიღებული აქვს ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. გულიკოს 40 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ისეთ კომპანიებში მუშაობას, როგორებიცაა: „საქქალაქმშენპროექტი“, „იბერია“, „ცენტრ პოინტი“, სახელოსნო #4.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ იბერიაში მუშაობის დროს ის პროექტ იბერია ჰილსის მთავარი კონსტრუქტორი იყო. დღეს ეს პროექტი მეტრა პარკის სახელითაა ცნობილი.აღსანიშნავია, რომ გულიკო საქართველოს სხვადასხვა ქალაქების რეაბილიტაციის პროექტებში იყო ჩართული: თელავი, გორი, წყალტუბო; ასევე რაჭის მიწისძვრის (1991 წ.) შემდეგ მან რაჭის რეაბილიტაციაზეც იმუშავა. 2019 წლიდან გულიკო ჩიტიკიანი teamtwo-ს უფროსი კონსტრუქტორია.

ვახტანგ არაბიძე – მისი სამუშაო გამოცდილება 1990-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა ის ჯერ კიდევ სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის, ინჟინერი გახდა. მას შემდეგ ვახტანგი თავდაცვის სამინისტროს, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამშენებლო-საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორის პოზიციას იკავებდა.

ვახტანგ არაბიძე teamtwo-ში ანალიტიკური მოდელირების უფროსი სპეციალისტია.

გარდა ამისა, მისი კარიერა მჭიდროდაა დაკავშირებული საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან. ის 2011 წლიდან დღემდე აგრარულ უნივერსიტეტში ასწავლის, ხოლო 2017 წლიდან დღემდე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია.

სტრუქტურა

კონსტრუქტორების ჯგუფის სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული. მთავარ კონსტრუქტორს ექვემდებარებიან უფროსი კონსტრუქტორი და ანალიტიკური მოდელირების უფროსი ინჟინერი, რომლებიც, თავის მხრივ, აკონტროლებენ პროექტის მენეჯერებს, ინჟინერ-კონსტრუქტორებსა და ანალიტიკური მოდელირების ინჟინრებს.

ჩვენს გუნდს მრავალი ტიპის შენობა-ნაგებობების კონსტრუქციულ პროექტირებებზე უმუშავია. შესაბამისად, თუკი გაქვთ პროექტი, რომელშიც კონსტრუქტორის ჩართულობა უკვე გჭირდებათ, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ნებისმიერი სირთულის პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.


ირაკლი გოგოხია
CEO

Previous
Previous

teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია!

Next
Next

სიახლე: სტრუქტურული ინჟინერია როგორც დამოუკიდებელი მომსახურეობა | teamtwo-ს სერვისები და გამოცდილება