Sky Pool – ცაში ცურვის სრულიად ახალი გამოცდილება

#20რჩეულიპროექტის რუბრიკის ფარგლებში მიმოვიხილავთ მსოფლიოში ცნობილ არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომლებიც ორიგინალური სტრუქტურული გადაწყვეტებით ხასიათდებიან. წინა სტატიაში ჩიკაგოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენობაზე, ჰენკოკის ცენტრზე გიამბეთ.

ახლა კი ვაგრძელებთ ამ სერიას და ამჯერად მსოფლიოში პირველ, ცაში მყოფ გამჭვირვალე აუზზე უნდა გიამბოთ, რომელიც 2021 წელს ლონდონში შეიქმნა. 35 მეტრის სიმაღლეზე არსებული აუზი არქიტექტურული სტუდიის „HAL“ მიერაა შექმნილი და ის ორ შენობას შორის ერთგვარ ხიდის როლს თამაშობს.

აუზის სიგრძე 25 მეტრია და ის მთლიანად დამზადებულია აკრილის პანელებისგან, რაც მოცურავეებს საშუალებას აძლევს, 35 მეტრის სიმაღლიდან შეუფერხებლად უყურონ ლონდონის შესანიშნავ ხედებს.

„აუზს უნიკალურს ხდის მისივე კონცეფცია – რომ მოცურავეებს შეუძლიათ მიწის დანახვა, ხოლო ქვემოთ მყოფ ადამიანებს – ცის“, – აცხადებს HAL-ის დამფუძნებელი, ჰოლ კერი.

სტრუქტურულ ინჟინრებს, ბრაიან ეკლერსის, იან ლანგემსა და გრეემ კოლტს ჰქონდათ დავალება, შეექმნათ ძალიან მარტივი დიზაინის მქონე გამჭვირვალე აუზი, რომელიც, ამავდროულად, ძალიან მყარიც იქნებოდა. საამისოდ ინჟინრებმა აკრილის გამჭვირვალე ფილები  გამოიყენეს, რომლებსაც, როგორც წესი, ასევე ხშირად იყენებენ გიგანტური აკვარიუმების დასამზადებლად. აუზის ფსკერის სისქე 360 მილიმეტრია, ხოლო გვერდითა კედლები კი 180 მილიმეტრის სისქის აკრილის პანელებისგან დამზადდა.

დიზაინერთა გუნდის თქმით, მასალას გააჩნია დამატებითი უპირატესობა – აკრილის და წყლის რეფრაქციული ინდექსი (ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ნელა მოძრაობს სინათლე ნებისმიერ ნივთიერებაში, ვიდრე სივრცეში) თითქმის თანაბარია (1,49 და 1,37) , რაც კიდევ სტრუქტურას, მეტად ერთგვაროვანს ხდის.

აუზის ფსკერის დონეში, მზიდი სტრუქტურის მდგრადობის გაზრდის მიზნით, გაყვანილია 38 მმ. დიამეტრის მქონე ფოლადის ორი ღერო. აღსანიშნავია, რომ შენობებთან აუზის კონსტრუქცია დამაგრებულია არახისტი, სახსრული კვანძებით, შედეგად კონსტრუქცია ადვილად უმკლავდება საყრდენი შენობების რხევას, ჯდენებს და სხვა სახის გადაადგილებებს, რაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა შენობის ექსპლუატაციის პერიოდში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ აუზი და მისი შემოგარენი აღჭურვილია კიბეებით, დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობით, გადასაფარებლით, განათებით და ა.შ

და ბოლოს, ლონდონში, კერძოდ კი, ბატერსიში არსებული Sky Pool მე-15 სართულზე ნამდვილადაა სტრუქტურული ინჟინერიის ერთ-ერთი ხილული სასწაული, რომელიც ცაში ცურვას შესაძლებელს ხდის.


გიორგი ცინცაბაძე
მთავარი სტრუქტურული ინჟინერი

Previous
Previous

განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 3: წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალი

Next
Next

ბრენდირებული სასტუმროები ქალაქის ისტორიულ შენობებში