როგორი იყო პროექტირების და ფიქრის პროცესი ლისის კომერციულ შენობაზე მუშაობისას?

საპროექტო არეალი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი, ერთი მხრივ, ნუცუბიძის დასახლებას ეკვრის, მეორე მხრივ, ახლოს არის ლისის ტბასთან და აქ არსებულ სარეკრეაციო სივრცესთან. გუნდის დავალება კომერციული შენობის დაპროექტება იყო, რომელიც მოემსახურებოდა როგორც არსებულ, ასევე მომავალში გაშენებულ უბანს. დავალების მიხედვით, შენობაში უნდა ყოფილიყო ოფისები, კომერციული ფართები, კვების ობიექტები, ინდივიდუალური სასაწყობე სივრცეები, სატრენაჟორო დარბაზი და აუზი.

არქიტექტურულ კონცეფციასთან ერთად, ჩვენმა სტრუქტურულმა ინჟინრებმა კონსტრუქციულ პროექტზეც იმუშავეს. დამკვეთის მხრიდან პროექტში ჩართულ საინჟინრო კომუნიკაციების ჯგუფთან ერთად, შენობის ელექტრობის, წყალმომარაგების და ვენტილაციის პროექტი მომზადდა. სულ მალე პროექტი მშვენებლობის ნებართვას მოიპოვებს და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

რაც შეეხება არქიტექტურულ კონცეფციას, გადავწყვიტეთ, გვემუშავა ისეთ კონცეფციაზე, რომელიც დამკვეთს მოთხოვნილ დავალებას სხვა კუთხით დაანახებდა. გაითვალისწინებდა მდებარეობასა და კონტექსტს, შესთვაზებდა მას თანამედროვე არქიტექტურის პრინციპებზე დაყრდნობილ იდეასა და მასალას. თუმცა, ამავე დროს, დაიცავდა ადამიანურ მასშტაბს და არ შექმნიდა მოსაწყენ ფორმას.

კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო მუშაობა გეგმარებასა და მოცულობაზე. გამოიცადა ათობით ფორმა თუ მასალა. მნიშვნელოვანი იყო ისეთი კონტექსტის წარმოქმნა, რაც სამომავლოდ უბნის ვიზუალურ მხარეს განსაზღვრავდა. ამისათვის ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანიც საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ანალოგების მოძიება და გაანალიზება იყო. მუშაობის პროცესში, ვიზუალური თუ პრაქტიკული პლიუსებისა და მინუსების გათვალისწინებით, ორი მასალა – აგური და პოლიკარბონატი შეირჩა. ინდივიდუალურმა სასაწყობე სივრცეებმა და ტექნიკურმა ოთახებმა -1 სართული მთლიანად დაიკავა. ამ სართულზე, ფუნქციიდან გამომდინარე, აგურის გამოყენება გადაწყდა.

ორსართულიანი ფასადი არსებული ქუჩის მხარეს გამოდის, რის გამოც გადაწყდა კომერციული ფართებისა და მთავარი შესასვლელის სწორედ ამ მხარეს მოწყობა. გაბარიტებიდან გამომდინარე (105 მ. სამხრეთი ფასადის სიგრძე), საჭირო გახდა შენობის ორ ზონად გაყოფა და ცენტრში მთავარი გამანაწილებლის, ე.წ. ლობის მოწყობა. ამასთან, მიწისპირა სართულზე არსებული ფუნქციებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა დამატებითი შესასვლელების, პორტიკების გაჩენაც, რათა გარეშე პირები არ მოხვედრილიყვნენ შენობის სხვადასხვა, შიდა სივრცეში.

ფასადის სიგრძიდან გამომდინარე, შენობა დამთრგუნველი რომ არ გამოგვსვლოდა და არ გაქცეოდა იგი ადამიანურ მასშტაბს, გადაწყდა ორი სართულის გაყოფა და ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც ამ მოთხოვნებს უპასუხებდა. კონცეფციის საფუძვლად კი წარმოშობით ბულგარელი ხელოვანის, ხრისტოს (Christo Vladimirov Javacheff) ნამუშევრები, და მათი კონცეფციები დაედო. ერთ-ერთ ძირითად მასალად შერჩეული პოლიკარბონატი საშუალებას გვაძლევს, შენობის ფასადი ცვალებადი გავხადოთ. იგი, ერთი მხრივ, ჰაეროვნებისა და სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებს, მეორე მხრივ კი, მყარ კედელს მოგვაგონებს, რომელიც -1 სართულზე არსებული აგურის კედლის გაგრძელებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, მისი ვიზუალური მხარე ძლიერ იცვლება საღამოს ან/და ღამის დადგომასთან ერთად, როცა ბუნებრივ განათებას, ინტერიერის ხელოვნული განათება ცვლის და მასალაც თითქოს იცვლება. ინტერიერში არსებული სხვადასხვა ფერადი ზედაპირიდან არეკლილი შუქი, მოძრავი ადამიანები, შენობის კონსტრუქციის ჩრდილები თუ სხვა, პროექცირდება ფასადის კედელზე, რითიც იგი ერთგვარად ცოცხლდება და შინაარსსა თუ ბუნებას იძენს. მსგავსი მასალები ადამიანში ცნობისმოყვარეობას აღვიძებენ და აფიქრებენ გაიგონ რა არის მის მიღმა. გარდა აღნიშნულისა, პოლიკარბონატი ენერგოეფექტურობით და ეკომეგობრულობითაც გამოირჩევა.

მეორე სართულის ფასადი კი უნდა ყოფილიყო პირველის გაგრძელება, თუმცა, არ გვინდოდა მასალის გამეორება. ამავდროულად, იგი არ უნდა ყოფილიყო ამოვარდნილი საერთო სურათიდან. გასათვალისწინებელი იყო მზის მოძრაობაც. გამომდინარე იქედან, რომ შენობას მთელი დღის განმავლობაში სამი მხრიდან მზის პირდაპირი სხივები ეცემა, უნდა შეგვექმნა გარკვეული ბარიერი და ამასთან შეგვენარჩუნებინა შენობისთვის სიმსუბუქე. ამ შემთხვევაშიც გაკეთდა კვლევა. უნდა შექმნილიყო თარგი, რომელიც გამჭვირვალესა და გაუმჭვირვალეს შორის გადასვლას დინამიურს გახდიდა. საბოლოოდ, შეირჩა ბარიერები, რომელიც მხოლოდ მზის პირდაპირი სხივებისგან კი არ დაიცავდა ინტერიერს, არამედ შექმნიდა ერთგვარი მოძრაობის ილუზიას მის გასწვრივ მოძრავი ობიექტისთვის. სწორედ ასე შეიქმნა ე.წ. ფარფლები. იგი კარგად იცავს ინტერიერს მზის სხივებისგან და ამასთან დღის სხვადასხვა მონაკვეთში საინტერესო შუქ-ჩრდილებს იძლევა როგორც ფასადზე, ასევე ინტერიერში.

მიუხედავად „ფარფლების“ არსებობისა, ინტერიერი მაინც საკმაოდ განათებულია. ისინი სხვადასხვა კუთხით დგანან და არ არიან მზისკენ ყოველთვის ერთი კუთხით მიმართულნი. მასზე არეკლილი სხივის გაფილტრული შუქი ინტერიერში უხვად შედის, რაც ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა. შემდეგი საკითხი იყო „ფარფლების“ მასალა, რაც მოცემული კონცეფციისათვის ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ამ იდეას მრავალი მასალის ატანა შეეძლო. თუმცა, საბოლო არჩევანი სტანდარტული წყობის ტექსტურის მქონე აგურზე შეჩერდა.

რაც შეეხება ინტერიერს, გუნდმა მხოლოდ საერთო სივრცეებზე იმუშავა რასაც ვესტიბიული და საცირკულაციო სივრცეები შეადგენდა. როგორც უკვე აღინიშნა, დაპროექტების დროს, გადაწყდა მთავარი გამანაწილებლის მოწყობა ლობის/ვესტიბიულის სახით. შენობის სიმაღლის შეზღუდვიდან გამომდინარე, არ გვქონდა მაღალი მიწისპირა სართულის გაკეთების საშუალება, რათა გამანაწილებლის ფუნქციისათვის კიდევ უფრო გაგვესვა ხაზი. მუშაობის პროცესში გაჩნდა იდეა, გაკეთებულიყო ატრიუმი, რომელიც ინტერიერში მეტ სივრცესა და ჰაერს გააჩენდა; ამასთან, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ღონისძიებისათვის. დიდი სივრცის კიდევ უფრო შესამსუბუქებლად, ატრიუმის მომიჯნავე ყრუ კედლები მთლიანად შეცვალა ვიტრაჟებმა, ხოლო სახურავზე გაჩნდა სახურავის ფანჯარა ე.წ. სქაილაითი (skylight). ვესტიბიულში მოეწყო პარადული კიბე, რომლის ფორმაც ერთგვარი სკულპტურაა და იგი, ხედვის სხვადასხვა წერტილიდან, სხვადასხვაგვარად აღიქმება, რაც კიდევ უფრო აცოცხლებს როგორც მას, ასევე – ინტერიერს.

ამრიგად, კონცეფციის თანახმად, მიღებული მოცულობა არის მკაცრი. მისი ყველა დეტალი ფუნქციურია, არ გააჩნია არავითარი ზედმეტი ელემენტი და პასუხობს თანამედროვე არქიტექტურის პრინციპებს. ამასთან, მისი მოცულობის სიმკაცრის მიუხედავად, ძალზედ მსუბუქი და ცოცხალია.

თუკი თვალს გვადევნებთ, ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ teamtwo – Architects & Engineer-ში დამკვეთებს სრულ საპროექტო მომსახურებას ვთავაზობთ, რაც პროექტირების პროცესს ბევრად ეფექტურს და სწრაფს ხდის, რის შედეგადაც დამკვეთი დროს ზოგავს. ამიტომაც, თუკი ახალ პროექტზე ფიქრობთ, ჩვენი გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ.


ირაკლი გოგოხია
CEO

Previous
Previous

სიახლე: სტრუქტურული ინჟინერია როგორც დამოუკიდებელი მომსახურეობა | teamtwo-ს სერვისები და გამოცდილება

Next
Next

teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო  კონკურსში იღებს მონაწილეობას