ჰენკოკის ცენტრი – ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ჩიკაგოს არქიტექტურაში

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკს მიღმა – ასე უწოდებდნენ 1970 წელს აშენებულ ჯონ ჰენკოკის ცენტრს, რომელიც დღესდღეობით ჩიკაგოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ასსართულიანი ჰენკოკის ცენტრის პროექტი კი არქიტექტორ ბრიუს გრეემსა და სტრუქტურულ ინჟინერს, ფაზლურ ხანს ეკუთვნის.

რაც შეეხება მის კონცეფციას, შეიძლება ითქვას, რომ ჰენკოკის ცენტრი მსოფლიოში პირველი შერეული დანიშნულების მაღალსართულიანი შენობა იყო, რომელიც მოიცავდა: ოფისებს, რესტორნებს, რეზიდენციებს, სარელაქსაციო და სხვა ტიპის სივრცეებს.

ცენტრის მშენებლობა 1965 წელს დაიწყო. მშენებლობის პროცესში კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა გასათვალისწინებელი – ჩიკაგოში ძლიერი ქარის გამო, შენობის უსაფრთხო სტრუქტურით უზრუნველყოფა იყო საჭირო.

ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო სტრუქტურული ინჟინერი, ფაზლურ ხანი, რომელიც მიჩნეული იყო „მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის უდიდეს არქიტექტურულ ინჟინრად. სწორედ მან გამოთქვა იდეა, შენობის უსაფრთხოებისთვის იმ დროისთვის ჯერ კიდევ გამოუყენებელი სტრუქტურული სისტემა გამოეყენებინათ, რომელშიც გარე სვეტები ერთმანეთთან იქნებოდა მიბმული გარე კედლის სიბრტყეებში დიაგონალების დამატებით. მან ამ სისტემას გამბრჯენებიანი მილი უწოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე მსგავსი სისტემა არც ერთი შენობისთვის არ იყო გამოყენებული, ხანმა საკმაოდ დიდი დრო დახარჯა სისტემის მუშაობის შესწავლაზე.

ექსტერიერში გამოყენებული ჯვარედინი სამაგრები საკმაოდ მასიურია და გარკვეულწილად ხედებს ბლოკავს, თუმცა, ეს ჰენკოკის ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია, რომელიც სტრუქტურულად სრულიად გამართულია.

შენობის ქვემოთ განთავსებულია ელიფსის ფორმის მოედანი, სადაც საკმაოდ მასიური ჩანჩქერია განთავსებული. მოედნიდან კი კიბეებით სხვადასხვა რესტორანში შეუძლიათ ვიზიტორებს ჩასვლა.

95-ე სართულზე განთავსებულია ჯონ ჰენკოკის ობსერვატორია, რომელიც ვიზიტორებს ქალაქის ულამაზეს ხედებს სთავაზობს, მათ შორის მიჩიგანის ტბის ჰორიზონტსა და მიმდებარედ არსებული ოთხი შტატის ღირსშესანიშნაობებსაც.

44-ე სართულზე, შენობის შუაგულში ასევე არის ამერიკის უმაღლესი საცურაო აუზი, რომლიდანაც ასევე საოცარი ხედები იშლება და ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

ჰენკოკის ცენტრი დღემდე ერთ-ერთ ცენტრალურ და მნიშვნელოვან შენობას წარმოადგენს ჩიკაგოსთვის. გარდა იმისა, რომ შენობა ფუნქციურად საკმაოდ დატვირთულია და ყოველდღიურად უამრავ ვიზიტორს მასპინძლობს, ის არის ერთ-ერთი გამორჩეული თვალსაჩინოება სტრუქტურული ინჟინერიის მიმართულებით, რაც ფაზლურ ხანის უპირობო დამსახურებაა.


გიორგი ცინცაბაძე
მთავარი სტრუქტურული ინჟინერი

Previous
Previous

განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 2: ბახმაროს განვითარების გეგმა

Next
Next

ანახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 1: როგორია დაბა აბასთუმნის განვითარების გეგმა?