ENSAMBLE STUDIO

Ensamble Studio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი არქიტექტურას ახასიათებს, როგორც უპირველეს მოთხოვნილებას, რომელიც მატერიალიზებს კულტურასა და დროს. იგი გამოხატავს ადამიანის სულს და სურვილებს, რომელიც აერთიანებს ამ ყველაფერს სივრცულ მდგომარეობაში. Antón García-Abril-ისათვის არქიტექტურა ერთგვარი პოეტური და უპირობო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია ღრმა გავლენა მოახდინოს ადამიანის ცნობიერებასა და გარემოზე.

Hemeroscopium House- სახელწოდების კონცეპტუალური შინაარსი შეიძლება შემდეგნაირად განვმარტოთ: ბერძენისთვის ჰემეროსკოპიუმი არის ადგილი, სადაც მზე ჩადის. მინიშნება ადგილის შესახებ,  რომელიც არსებობს მხოლოდ ჩვენს გონებაში, მაგრამ მაინც თითქოს რეალურია.

რაც შეეხება პროექტს, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვე შენობად ითვლება: მისი ზონალური გადანაწილება, სტრუქტურულ და არქიტექტურულ ელემენტებთან ერთად, ერთგვარ თამაშს ჰგავს, რომელიც თითქოს არასტაბილურ ბალანსშია მოქცეული. მძიმე კონსტრუქციული ელემენტებით და გათვლილი გადაწყვეტებით, შენობა საშუალებას იძლევა, რომ არქიტექტურული ჩანაფიქრი და ზემოხსენებული არასტაბილური ბალანსი რეალობაში მოვიდეს ფორმასთან და შედეგად ამ ორი სფეროს იდეალური სინთეზი მივიღოთ.

ავტორის თქმით, მასალა, რომელიც განაპირობებს შენობის იდენტობას და ფორმას, ანუ ბეტონი, ადგილობრივი ქარხნის ვიზიტისას შემთხვეით შეირჩა. სტუდია ეწვია მზა ბეტონის ქარხანას, სადაც შემთხვევით წააწყდნენ დაზიანებული და დეფექტისაგან გამოუეყენებელი რიგელების დიდ ოდენობას. ამის შემდეგ გაჩნდა სურვილი, რომ გამოუყენებელი მასალა, რომელიც არავის სურდა და უფუნქციოდ იყო ქცეული, გამოყენებულიყო ამ კონკრეტულ პროექტში. საბოლოოდ რიგელები, რომლებიც იქმნება ტიპური ხიდებისთვის, ავტომაგისტრალებისთვის, აკვედუკებისთვის და ა.შ. მოხმარდა პროეტს, რომელსაც ხასიათი და იდენტობა სწორედ ამ შტრიხმა შესძინა.

პროექტი კონსტრუქციული თვალსაზრისით უნიკალურია. სტრუქტურული ნაწილის მომზადებას ერთი წელი, ხოლო პროექტის მშენებლობას სულ 7 დღე დასჭირდა, ვინაიდან ელემენტების უმრავლესობა, საძირკველისა და რამოდენიმე სვეტის გარდა, მზა მდგომარეობაში იქნა მოტანილი და სამშენებლო მოედანზე აწყობილი. საერთო ჯამში შენობა წარმაოდგენს 7 ცალკეული, წინასწარ ჩამოსხმული, ბეტონის ელემენტის კომბინაციას. აღსანიშნავია, რომ წონასწორობისთვის კოსნტრუქციაზე დამატებულია გრანიტის 20 ტონიანი “ქვა”.

400 კვადრატული მეტრის შენობა მდებარეობს ესპანეთში, მადრიდში. ზემოხსენებული სისტემა სახლს აძლევს შესაძლებლობას, რომ გახდეს ჰაეროვანი, მსუბუქი და გამჭვირვალე, რაც ქმნის ღია სივრცის განცდას, დიდი დომინანტური სტრუქტურული ელემენტების მიუხედავად. ეს პროექტი ამტკიცებს, რომ გრავიტაციის პროვოცირება ყოველთვის არ არის ცუდი იდეა და მცირე ძალისხმევით შეიძლება შეიქმნას დამაინტრიგებელი დიზაინი, რომელიც გარკვეულწილად ახალ მიმართულებებს გააჩენს აღნიშნულ სფეროში.


ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი

Previous
Previous

როგორი კლასიფიკაციით იყოფიან სასტუმროების ფრენჩიზები და მათი ბრენდები?

Next
Next

პარკინგის რეგულაციები პროექტირებისას