პარკინგის რეგულაციები პროექტირებისას

დღესდღეობით მოძრაობის მთავარ საშუალებად ავტომობილი მოიაზრება, სწორედ ამიტომ, მოწესრიგებული მოძრაობისა და მძღოლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა ტიპის საცხოვრებელი შენობა და, საჭიროებისამებრ, კომერციული ფართი შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ავტოსადგომების ტიპები თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირად მრავალფეროვანია, თუმცა, პარკინგის სივრცის მოწყობის რეგულაციები – განსხვავებული.

საინტერესოა, როგორ რეგულირდება პარკირების ზონის მოცულობა პროექტირებისას თბილისში?

პირველ რიგში, ავტოსადგომების რაოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თბილისის რომელ ზონაში შენდება საცხოვრებელი. გეგმარებით კარკასში, ასევე შუალედურ და ცენტრალურ ზონებში შენობის ყოველ 150 კვ.მ-ზე 1 ავტოსადგომი გამოიყოფა, ხოლო პერიფერიულ ზონაში კი ეს წესი 180 კვ.მ-ზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ფართებზე ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა არ არის გამოყოფილი და ის დამკვეთის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

მაგალითად, თუკი შენობა 7000 კვ.მ-ია და ის გეგმარებით კარკასში, ცენტრალურ ან შუალედურ ზონაშია განთავსებული, ამ შენობის ფართობი უნდა გაიყოს 150 კვ.მ-ზე. გამოდის, რომ ამ შენობისთვის მინიმუმ 46 საპარკინგე ადგილი უნდა გამოიყოს. ხოლო, თუ პერიფერიულ ზონაში დგას ეს შენობა, მაშინ 38-ზე ნაკლები ავტოსადგომი არ უნდა ჰქონდეს მას.

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ზემოხსენებული წესი არ ვრცელდება შენობებზე იმ შემთხვევაში, თუკი საქმე საზოგადოებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ზონებთან გვაქვს.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების სივრცეები ერთ შენობაშია თავმოყრილი. რა ხდება ასეთ დროს? ავტოსადგომების რაოდენობას, ამ შემთხვევაში, თითოეული დანიშნულებისათვის განსაზღვრული რაოდენობებით კრებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ რა ზომის უნდა იყოს საპარკინგე სივრცე. როგორც წესი, ავტოსადგომი 2.7 მეტრზე ნაკლები სიგანის არ უნდა იყოს, მაგრამ თუკი საქმე პარალელურ პარკინგთან გვაქვს, ამ რიცხვის შემცირება 2.5 მეტრამდეა შესაძლებელი. თითოეული ადგილის მინიმალური სიგრძე უნდა იყოს 5,5 მეტრი, ხოლო პარალელური ადგილის შემთხვევაში 6,5 მეტრი. რაც შეეხება დახურული ავტოსადგომის სიმაღლეს, ის 2,15 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

და ბოლოს, ლოგიკურია, რომ ავტოსადგომები აუცილებლად საპროექტო მიწის ნაკვეთის ფარგლებში უნდა განთავსდეს. პარკინგის ზონის ბევრნაირი ტიპი არსებობს, თუმცა, ყველა მათგანს მისთვის რელევანტური რეგულაციები აქვს. ეს რეგულაციები საქართველოშიც აქტიურად მოქმედებს და კომერციული თუ საცხოვრებელი სივრცის პროექტირებისას ისინი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.


ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი

Previous
Previous

ENSAMBLE STUDIO

Next
Next

რიჩარდ როჯერსი