ინოვაციური ფასადის მქონე შენობა იაპონიაში – Toyo Ito & Associates-ის ნამუშევარი

2004 წელს იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ უბნად განთქმულ ომოტესანდოში Toyo Ito & Associates-მა ფეხსაცმლისა და ჩანთების იტალიური ბრენდისთვის Tod’s ყველასთვის აღმაფრთოვანებელი შენობა ააგო.

ომოტესანდოში ძვირადღირებული ბრენდების ძვირფასი შენობების ფონზე Toyo Ito-მ გაბედული ნაბიჯი გადადგა და მთავარ მასალად ბეტონი და მინა აირჩია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ტიპური „მინის არქიტექტურა“ და აქ არქიტექტორმა ყველაზე დიდი ყურადღება ერთიანობის განცდას დაუთმო.

Tod’s-ის შენობა შვიდსართულიანია და მისი ქვედა სართულები მაღაზიას ეთმობა. შუა და ზედა სართულები კი ოფისებსა და მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.

შენობის კონცეფციაზე საპროექტო გუნდი საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა. ისინი ეძებდნენ გზას, თუ როგორ უნდა გაქცეოდნენ კედლის სტრუქტურის უკვე დამკვიდრებულ ფორმებს. მათი აზრით, ფასადს დინამიურობა უნდა გამოეხატა და საბოლოოდ ისინი მართლაც მივიდნენ იდეამდე, რომელიც მინისა და ბეტონის ინტეგრირებას გულისხმობდა.

ერთიანი მოცულობის შესაქმნელად, გუნდმა ისე განალაგა ბეტონის ინტეგრირებული სვეტები შენობაში, რომ ისინი ხეების მწკრივის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს სვეტები 300 მმ სისქის ბეტონისგან შედგება და მათში მინები ყოველგვარი ჩარჩოს გარეშეა ჩამონტაჟებული. შენობის ფასადი კიდევ უფრო შთამბეჭდავია ცივ თვეებში, როდესაც თელას შიშველ ტოტებს შენობის მინები ირეკლავს.

საინტერესოა, რომ არქიტექტურულმა სტუდიამ არამხოლოდ შენობის ფასადზე, არამედ მის ინტერიერზეც თანაბრად იზრუნა. შედეგად, ომოტესანდოს შენობა არამხოლოდ გარედან ქმნის შთამბეჭდავ სურათს, არამედ მასში მყოფ ადამიანებსაც სრულიად განსხვავებულად უჩვენებს გარე ხედებს.

გამომდინარე იქიდან, რომ იაპონია სეისმურად აქტიური ზონაა და შენობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტები საკმაოდ არასტანდარტულად არის გადანაწილებული, სეისმური ზემოქმედების შესამცირებლად აუცილებელი გახდა ე.წ. დემფერების გამოყენება, რომლებიც განთავსებული არიან საძირკვლის დონეში და მუშაობენ როგორც ერთგვარი ამორტიზატორები.

“Tod’s-ის ომოტესანდოს შენობა ამბიციური პროექტია, რომელიც კონცეფციისა და ტექნიკის წამოწევას ემსახურება თანამედროვე არქიტექტურის წინა პლანზე. ამ პროექტით მე ვცდილობ, ის არქიტექტურული მოდერნიზმი გადავლახო, რომელიც ასეთი დამახასიათებელია მეოცე საუკუნისთვის,“ – Toyo Ito.

და მართლაც, იაპონიის ერთ-ერთ ცნობილ უბანში მდგომი ეს შენობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სტრუქტურა. ის დღემდე განსაკუთრებულ როლს თამაშობს თანამედროვე არქიტექტურაში და ფასადის ცნების ახალ კონცეფციას ნერგავს.


გიორგი ცინცაბაძე
მთავარი სტრუქტურული ინჟინერი

Previous
Previous

რა არის აპარტოტელი და რატომ ირჩევენ მას დეველოპერები?

Next
Next

პროექტირების გამოწვევები ისტორიულ უბნებში