პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ გამოცხადებულ კონკურსში teamtwo-მ მეორე ადგილი დაიკავა

პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში ჩვენი გუნდის მიერ შექმნილმა პროექტმა მეორე ადგილი დაიკავა.

კონკურსის ფარგლებში  არქიტექტურულ სტუდიებს ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირედ მდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცის შექმნა დაევალათ. ამ სივრცეს ბუნებრივად უნდა შეეკრიბა საერთო ინტერესების მქონე ადამიანები – დასვენების, გართობის, შოპინგის ან შემეცნების მსურველი ვიზიტორები.

მუშაობის პროცესის დიდი ნაწილი მოიცავდა კონკურსის პირობების და მოცემული სივრცის გადააზრებას. ვინაიდან მოთხოვნა მოიცავდა საჯარო სივრცის კონცეფციის შემუშავებას, შევეცადეთ გაგვეაზრებინა თუ რას ნიშნავს საჯარო სივრცე და რა არის მისი მახასიათებლები თბილისის სივრცულ და ისტორიულ კონტექსტში. დავინტერესდით, რა არის ის, მსგავსი სივრცის დაპროექტებისას, რისი კეთებაც კოლექტიური ცოდნით და გამოცდილებით ვიცით და პრაქტიკაშიც ნაცადია?

90-იანებიდან მოყოლებული დღემდე, ბაზარი არის საჯარო სივრცის ყველაზე დემოკრატიული გამოვლინება საქართველოში. ბაზარი ქმნის ქალაქის სხვადასხვა სოციალური და კულტურული ფენის მოსახლეობისათვის თანაბარუფლებიან სიბრტყეს, აერთიანებს მათ და კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

საზოგადო სივრცეების ერთმანეთთან კავშირით წარმოქმნილი ქუჩების და მათი დაგვირგვინება – ბაზრის მოდელის სამეზობლო მასშტაბში გადმოტანით შესაძლებელი ხდება იმ სოციალური კავშირების გამართვა რომელებიც ჯანსაღ და დატვირთულ თანაცხოვრების სივრცეს ქმნიან.

გარდა ამისა, როგორც ჩვენს მიერ “შენი სახლის” ტიპის სხვადასხვა სამეზობლოებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, თითოეული ასეთი დასახლება საჭიროებს ე.წ საფირმო ნიშანს, რომლის გარშემოც განვითარდება კონცეფცია და რომლის მეშვეობითაც ფრენჩიზის თითოეული პროექტი გახდება უნიკალური. სამეზობლოებზე ყოველდღიური დაკვირვებისას თვალსაჩინოდ გახდა მსგავსი “ტრადიციული” ბაზრის/სავაჭრო/საჯარო სივრცის საჭიროება და მნიშვნელობა.

პროექტში ფუნქციები ლოგიკურად არის დალაგებული. მაგალითად, მაღლივი კორპუსის მხარეს განთავსებულია სასწავლო, საგანმანათლებლო და შეკრების სტუდენტურ კონტიგენტზე გათვლილი სივრცეები: მედიათეკა, co-working სივრცეები, კაფე-ბარები. საპროექტო არეალის შუაში – ბაზარი და კვების ობიექტები რეკრეაციულ სივრცეებთან შერწყმით, ხოლო უკიდურეს აღმოსავლეთით – სასტუმრო, სავარჯიშო დარბაზი და სხვა.

პროექტს მნიშვნელოვანი ნაწილია უნივერსიტეტის ქუჩის ტროტუარის გადააზრება. ტროტუარი მოწყვეტილია სამანქანო გზას და მოუყვება შენობის კონტურს (გზის დონის ქვევით) იმისათვის რომ მოხდეს „შიდა საჯარო სივრცის“ ქუჩასთან ვიზუალური და ფუნქციური კავშირი.

ფასადის კონცეფციის განხილვისას გასათვალისწინებელი ფაქტორი იყო ის რომ საპროექტო შენობა 243 მეტრი სიგრძისაა. ამიტომაც, ახლომდებარე მაღლივის ხიდის ინსპირაციით და შენობის გაბარიტიდან გამომდინე, მოცულობა განვიხილეთ როგორც ბურჯებზე ტროსებით დაკიდებული ხიდი. „ბურჯები“ განთავსების ადგილები შენობის ვერტიკალური კომუნიკაციების ადგილებს წარმოადგენს (კიბე, ლიფტები) ხოლო „ტროსებით“ შექნილი კონტური გამჭვირვალე ფასადთან ერთად მასიურ შენობას სიმსუბუქეს მატებს. ფასადის ნაწილობრივი გამჭვირვალობა კი შეიძლება მიღწეულ იქნას, ალუმინის საფასადე ცხაურით, ჟალუზებით და სხვა.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი კონცეფციის მთავარი ასპექტია ისეთი გაჯერებული საზოგადო სივრცის შექმნა რომელიც შეითავსებს ფუნქციებს როგორც საპროექტო დასახლების მაცხოვრებლებისათვის, ასევე გარშემო სამეზობლოებისა და ტერიტორიაზე მოსწავლე სტუდენტებისათვის. ეს უნდა იყოს კომფორტული სივრცე სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფონის მქონე ადამიანებისათვის, გამიზნული განტვირთვის, აზრების გაცვლის და დასვენებისათვის.


ნუცა ნადარეიშვილი
მთავარი არქიტექტორი

Next
Next

teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია!