საქართველოში დაახლოებით 2000-მდე საპროექტო კომპანიაა, რომლებიც წელიწადში 10 000-მდე ახალ პროექტზე მუშაობენ. თუმცა, მიუხედავად დიდი პრაქტიკისა, პროექტის კონცეფციის შექმნის პროცესში უამრავი გამოწვევა იჩენს ხოლმე თავს. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევის მიზეზი არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო კომუნიკაციების (MEP) დისციპლინების ცალ-ცალკე მუშაობაა, რომლის დროსაც პროექტის თანხვედრის კონტროლი რთულდება. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც რისკებს, ისე სამშენებლო ხარჯებს და პროექტი არარენტაბელური ხდება.
სწორედ იმისთვის, რომ მომხმარებელს ეს წინაღობები ნაკლებად შეხვედროდა, ჩვენ საპროექტო მომსახურეობები გავაერთიანეთ და დამკვეთს უფრო ეფექტური პროდუქტი შევთავაზეთ. შედეგად, პროექტის ყველა ეტაპი ერთ სივრცეში მოექცა, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს დისციპლინებს შორის კომუნიკაციას, ამარტივებს პროცესის კონტროლს და შედეგად საშუალებას გვაძლევს, სწრაფად მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები.
მსგავსი სერვისის შექმნა, დამკვეთისთვის ნამდვილად კომფორტული აღმოჩნდა. სწორედ ამ პრაქტიკამ დაგვაფიქრა იმაზეც, რომ პროექტის კონცეფციის შექმნის ეტაპზე კიდევ ერთი მომიჯნავე დისციპლინა – უძრავი ქონების საკონსულტაციო მომსახურეობა დაგვემატებინა, რაც დეველოპერს საშუალებას მისცემს შეაფასოს პროექტის რენტაბელურობა, გაიგოს კომერციულად, რამდენად მოგებიანია ის და მოკლე დროში მიიღოს სწორი გადაწყვეტილება
ამ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, აქტიურად ვისაუბროთ კომერციულად გამართლებულ განვითარების კონცეფციებზე და უკვე უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიასთან, Colliers-თან ერთად, ამ საკითხის გარშემო ვებინარიც ჩავატარეთ.