როგორც უკვე გიამბეთ, 28 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო კონკურსი – უძრავი ქონების ოსკარები (Prix d’ Excellence) ჩატარდა, სადაც სასტუმროების ნომინაციაში ვიღებდით მონაწილეობას პროექტით „მანინო უწერა“. კონკურსი უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.
მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენმა საკონკურსო პროექტმა ბუტიკ-სასტუმრო „მანინო“ უწერაში „სასტუმროები/აპარტოტელები“ კატეგორიაში გაიმარჯვა და მოიპოვა პირველი ადგილი! გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d’Excellence Awards, რომელიც 2023 წლის ივნისში მაიამიში, აშშ გაიმართება.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ FIABCI-Georgia-ს რეგიონში მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარებისთვის. კონკურსის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო ფართო ასპარეზზე გაგვეტანა ჩვენი ნაშრომი და უძრავი ქონების წარმომადგენლებისთვის უკეთ გაგვეცნო.
ღონისძიებაზე მდგრადი პროექტები და არქიტექტურაში ეკო-მეგობრული მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები 14 ნომინაციაში იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულები კი ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა გამოავლინეს, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით.
ჩვენი გუნდი უკვე წლებია, აქტიურად მუშაობს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სასტუმროებსა და კომერციული ტიპის პროექტებზე. სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, ზემოხსენებულ კონკურსში წარგვედგინა ჩვენი პროექტი.