teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
ურბანულ სივრცეებში განთავსებული საზოგადოებრივი პარკები

დღევანდელ სტატიაში, განვიხილავთ რა არის საჭირო საზოგადოებრივი პარკის სწორად დაგეგმარებისათვის. კარგად დაპროექტებულ გარემოში ბუნება ინტეგრირდება არსებულ მოთხოვნილებებთან ისე, რომ ესთეტიური და ფუნქციური მხარეები თანხვედრაში მოდიან. ამისათვის საკმაოდ ბევრი დეტალია გასათვალისიწინებელი, თუმცა ვეცდებით გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

  • სოციალური გარემო;
  • ქალაქთან ბმა;
  • აქტივობის ხარისხი;
  • კომფორტი და ესთეტიური იერსახე. 

თანამედროვე გეგმარება უარს ამბობს ძველ გამოცდილებაზე, რენესანსულ თუ ბაროკოს დროინდელზე, სადაც მოწესრიგებული და სიმეტრიული ბაღები თუ ბილიკები იყო აქტუალური. დღესდღეისობით მეტი ყურადღება ექცევა დინამიურ და მოქნილ სივრცეებს/ფორმებს, სადაც ადამიანი თავისუფლად იგრძნობს თავს.

 

სოციალური გარემო

ტერიტორიისათვის სოციალური გარემოს შექმნა რთულია, თუმცა მოსახლეობის ჩართულობით, მათი სურვილების და გარემო პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია. ადგილის სიცოცხლისუნარიანობა მაშინ იგრძნობა, როდესაც საჯარო სივრცეში ყველა ასაკის თუ სხვადასხვა კულტურის/ეროვნების ადამიანი იყრის თავს.

პროექტირებისას საჭიროა, ტერიტორიის წინასწარი ანალიზი, ადგილობრივი მოსახლეობის ცირკულაციასა და  ჩვევებზე დაკვირვება, გაანალიზება როგორ, რისთვის და როდის იყენებენ ამა თუ იმ სივრცეს, უკვე არსებული მაგალითების გააზრება, შემდგომ დამუშავება და ახალი ფუნქციების დამატება.

 ქალაქთან კავშირი

მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სივრცე კარგად ებმოდეს გარშემო არსებულ ურბანულ ქსელს. შიდა ზონალური გადანაწილება და ცირკულაცია ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ქუჩიდან შემოსულ ვიზიტორს კოორდინაცია მარტივად შეძლოს.

შესაბამისად საჭიროა, როგორც მთავარი, ასევე მეორეხარისხოვანი გზების და ბილიკების სწორად დაგეგმარება. აუცილებელია, ტერიტორიამდე მისასვლელი საფეხმავლო და სამანქანო გზების კეთილმოწყობა.

 აქტივობის ხარისხი

სწორად დაპროექტებული საჯარო სივრცე განისაზღვრება ვიზიტორთა რაოდენობით. თუ ვხედავთ, რომ ტერიტორიაზე ყველა კატეგორიის ადამიანი პოულობს ადგილს, ე.ი პროექტმა გაამართლა. საჯარო სივრცისათვის აქტუალურობის შესანარჩუნებლად, მიღებული პრაქტიკაა კონცერტის, სპორტული შეჯიბრის, კინოჩვენების და სხვა აქტივობების გამართვა. სურვილის შემთხვევაში, ადამიანებმა ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებით უნდა შეძლონ დროის გატარება. როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვისაც უნდა არსებობდეს შესაბამისი რესურსი.

კარგი საჯარო სივრცე მიზიდულობის წერტილია, რომელიც დამსვენებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

კომფორტი და ესთეტიური იერსახე

საჯარო სივრცის ვიზუალური მხარე, ის ფაქტორია, რომელიც კონცეფციის ლოგიკურ გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს. საპროექტო ტერიტორიის შესწავლის და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგი ეტაპი – კეთილმოწყობაა. სწორი ესთეტიური გადაწყვეტა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზაა წარმატების მისაღწევად.

სისუფთავე, დაცული ტერიტორია, ვიზიტორის სიამოვნებაზე მორგებული გარემო, ის პირობებია, რაც აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღებად.

საჯარო სივრცის მოსაწყობად, პირველი ნაბიჯი ტერიტორიის კვლევა და შესწავლაა. ურბანული გარემოთვისებების გააზრება საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები და თანმიმდევრულად განახორციელოთ პროექტი.

  დაგვიკავშირდით
ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37