კონსტრუქცია
შენობა 27 მეტრის სიმაღლის ფერდობზეა გადმოკიდებული, რომელსაც გამაგრების მხოლოდ ოთხი საყრდენი წერტილი გააჩნია. როგორც არქიტექტორის სხვა ნამუშევრებს, ამ შენობასაც ახასიათებს სიცხადე და მკაფიოობა, ვინაიდან მარტივად გასაგებია თუ როგორ მუშაობს შენობის კონსტრუქცია და რისთვის არის საჭირო მისი თითოეული ელემენტი.
შენობის კონსტრუქციული შესრულება განაპირობებს, ნაგებობის 80%-ის ჰაერში გადმოკიდებას. ამ გზით, ავტორი მინიმალურად ერევა არსებულ რელიეფში და ინარჩუნებს ფერდობის ბუნებრივ ფორმებს.
ნაგებობა თავისი გაბარიტული ზომების და კონსოლის მიუხედავად საკმაოდ დახვეწილი, მკაფიო და მსუბუქი კონსტრუქციისგან შედგება. ეს ყველაფერი მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ ნაგებობის ორი საყრდენი წერტილი (სურ.1-კვანძი1) წარმოადგენს ე.წ. უძრავ სახსროვან კვანძს (სურ.2), რომელიც თავისი მოწყობის ტიპიდან გამომდინარე, კონსტრუქციას, მობრუნების საშუალებას აძლევს. ბუნებრივია, სახსრული კვანძი, თავის თავად ვერ შეძლებდა ამხელა კონსოლური ნაგებობის დაჭერას და სიმძიმისგან კონსტრუქცია ჩამოვარდებოდა. ამის საპირწონედ, კონსტრუქციას დამატებული აქვს დამჭერი ფოლადის ღეროები, ანუ ტროსები (სურ.1-კვანძები2;3 და სურ.3). შედეგად კონსოლის ზემოქმედებისგან ტროსები იჭიმება და უზრუნველყოფს სათანადო მდგრადობას.