დღესდღეობით მოძრაობის მთავარ საშუალებად ავტომობილი მოიაზრება, სწორედ ამიტომ, მოწესრიგებული მოძრაობისა და მძღოლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა ტიპის საცხოვრებელი შენობა და, საჭიროებისამებრ, კომერციული ფართი შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
ავტოსადგომების ტიპები თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირად მრავალფეროვანია, თუმცა, პარკინგის სივრცის მოწყობის რეგულაციები – განსხვავებული.
საინტერესოა, როგორ რეგულირდება პარკირების ზონის მოცულობა პროექტირებისას თბილისში?
პირველ რიგში, ავტოსადგომების რაოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თბილისის რომელ ზონაში შენდება საცხოვრებელი. გეგმარებით კარკასში, ასევე შუალედურ და ცენტრალურ ზონებში შენობის ყოველ 150 კვ.მ-ზე 1 ავტოსადგომი გამოიყოფა, ხოლო პერიფერიულ ზონაში კი ეს წესი 180 კვ.მ-ზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ფართებზე ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა არ არის გამოყოფილი და ის დამკვეთის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.