კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო მუშაობა გეგმარებასა და მოცულობაზე. გამოიცადა ათობით ფორმა თუ მასალა. მნიშვნელოვანი იყო ისეთი კონტექსტის წარმოქმნა, რაც სამომავლოდ უბნის ვიზუალურ მხარეს განსაზღვრავდა. ამისათვის ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანიც საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ანალოგების მოძიება და გაანალიზება იყო. მუშაობის პროცესში, ვიზუალური თუ პრაქტიკული პლიუსებისა და მინუსების გათვალისწინებით, ორი მასალა – აგური და პოლიკარბონატი შეირჩა. ინდივიდუალურმა სასაწყობე სივრცეებმა და ტექნიკურმა ოთახებმა -1 სართული მთლიანად დაიკავა. ამ სართულზე, ფუნქციიდან გამომდინარე, აგურის გამოყენება გადაწყდა.
ორსართულიანი ფასადი არსებული ქუჩის მხარეს გამოდის, რის გამოც გადაწყდა კომერციული ფართებისა და მთავარი შესასვლელის სწორედ ამ მხარეს მოწყობა. გაბარიტებიდან გამომდინარე (105 მ. სამხრეთი ფასადის სიგრძე), საჭირო გახდა შენობის ორ ზონად გაყოფა და ცენტრში მთავარი გამანაწილებლის, ე.წ. ლობის მოწყობა. ამასთან, მიწისპირა სართულზე არსებული ფუნქციებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა დამატებითი შესასვლელების, პორტიკების გაჩენაც, რათა გარეშე პირები არ მოხვედრილიყვნენ შენობის სხვადასხვა, შიდა სივრცეში.
ფასადის სიგრძიდან გამომდინარე, შენობა დამთრგუნველი რომ არ გამოგვსვლოდა და არ გაქცეოდა იგი ადამიანურ მასშტაბს, გადაწყდა ორი სართულის გაყოფა და ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც ამ მოთხოვნებს უპასუხებდა. კონცეფციის საფუძვლად კი წარმოშობით ბულგარელი ხელოვანის, ხრისტოს (Christo Vladimirov Javacheff) ნამუშევრები, და მათი კონცეფციები დაედო. ერთ-ერთ ძირითად მასალად შერჩეული პოლიკარბონატი საშუალებას გვაძლევს, შენობის ფასადი ცვალებადი გავხადოთ. იგი, ერთი მხრივ, ჰაეროვნებისა და სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებს, მეორე მხრივ კი, მყარ კედელს მოგვაგონებს, რომელიც -1 სართულზე არსებული აგურის კედლის გაგრძელებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, მისი ვიზუალური მხარე ძლიერ იცვლება საღამოს ან/და ღამის დადგომასთან ერთად, როცა ბუნებრივ განათებას, ინტერიერის ხელოვნული განათება ცვლის და მასალაც თითქოს იცვლება. ინტერიერში არსებული სხვადასხვა ფერადი ზედაპირიდან არეკლილი შუქი, მოძრავი ადამიანები, შენობის კონსტრუქციის ჩრდილები თუ სხვა, პროექცირდება ფასადის კედელზე, რითიც იგი ერთგვარად ცოცხლდება და შინაარსსა თუ ბუნებას იძენს. მსგავსი მასალები ადამიანში ცნობისმოყვარეობას აღვიძებენ და აფიქრებენ გაიგონ რა არის მის მიღმა. გარდა აღნიშნულისა, პოლიკარბონატი ენერგოეფექტურობით და ეკომეგობრულობითაც გამოირჩევა.